ვგმობ ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ეხმაურება. ღარიბაშვილი წერს, რომ გმობს ისრაელის სახელმწიფოზე „ტერორისტულ თავდასხმას“.

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.


დღეს, 7 ოქტომბრის დილიტ „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიას სარაკეტო თავდასხმასთან ერთად მოულოდნელად დაესხნენ თავს. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც პალესტინელთა მიერ საზღვრის გარღვევა და ისრაელის ტერიტორიაზე დესანტის გადასხმაც ჩანს.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ რამდენიმე სასაზღვრო დასახლება და ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. მებრძოლებმა დახოცეს და ტყვედ აიყვანეს როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

„ჰამასის“ სამხედრო მეთაურის თქმით, ეს იყო პასუხი ისრაელის „აგრესიაზე“, მან თავდასხმას ოპერაცია „ალ-აკსას წარღვნა“ დაარქვა და მოუწოდა ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ არაბებს, რომ იარაღი აიღონ ხელში ისრაელის წინააღმდეგ.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა „ჰამასის“ თავდასხმისას. ღაზის სექტორის გარშემო ისრაელის ჯარსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლა გრძელდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქალაქეების მიმართვისას განაცხადა, რომ ეს არის ომი ისრაელის წინააღმდეგ და მტერს „ისეთ საფასურს გადაახდევინებენ, როგორიც აქამდე არ უნახავთ“.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადება გამოაცხადა და რეზერვისტების მობილიზაცია დაიწყო.