ვგმობთ აგრესიულ განცხადებებს – პანკისის უხუცესთა კავშირი რადიო WAY-ის მხარდაჭერას უცხადებს

პუბლიკა

პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ გამართულ აქციებსა და აქციის მონაწილეების მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს. უხუცესთა კავშირი გმობს პანკისის სათემო რადიო WAY-სა და მის დამფუძნებელ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მუქარის შემცველ განცხადებებს.

„აშკარაა, რომ ამ ადამიანების უკან დგას გარკვეული ძალა, რომელიც თვითონ შენიღბულია და სხვებს იყენებს“, – ნათქვამია უხუცესთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ უხუცესთა კავშირის მიერ გავრცელებული განცხადება სრულად:

„პანკისის სათემო ორგანიზაცია უხუცესთა კავშირის განცხადება უხუცესთა კავშირი ყურადღებით ადევნებდა თვალს პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის მიერ აშენებული მუშათა საცხოვრებელი შენობის გასხვისებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

ეს შენობა მდებარეობს სოფ. დუისის ბოლოში, მასში განთავსებულია პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სამკერვალო, სამკურნალო მასაჟისა და სტომატოლოგიის კაბინეტები, პანკისის სათემო რადიო WAY და ორი ოჯახი, უმეტესი ფართობი კი უკავია „როდი სკოტის“ ფონდის მიერ დაფინანსებულ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს. „როდი სკოტის“ ფონდის წარმომადგენელმა, კურსების ხელმძღვანელმა წამოიწყო ეს კამპანია, მაგრამ როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ბოლომდე ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგი – მის მიერ მოწყობილი აქცია გადაიზარდა რადიო WAY და მისი დამაარსებლის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად, რაც ძალიან სამწუხაროა!

– ვინ არის გელა მთივლიშვილი? – პასუხი ცალსახაა, ქისტების დიდი ქომაგი, ქისტებისა და საერთოდ ყველა უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის უფლებების დამცველი. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა არავინ ბედავდა ხმის ამოღებას, სამართლიანობის დასაცავად მედგრად იბრძოდა, ბევრი ძალადობა იწვნია, მაგრამ არ შემდრკალა. ლოპოტის ხეობაში ქისტ- ჩეჩნების რაზმის ამოხოცვის დროს ვინ გამოდიოდა მათ დასაცავად? ვინ ედგა მხარში ვახა მაჩალიკაშვილს ერთადერთი ვაჟიშვილის საკუთარ ლოგინში მუხანათურად მოკვლის შემდეგ? ვინ იყო მომხრე პანკისი -მთათუშეთის გზის გაყვანაზე პანკისის გავლით? ვინ იღვწოდა პანკისის ხეობაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები შემოეყვანასა და პანკისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის? ვინ ეხმარებოდა ქისტ ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტების განხიორციელებასა და მცირე ბიზნესის წამოწყებაში? … ამ ადამიანს, ვინც უანგაროდ ეხმარებოდა პანკისელებს თავიანთი უფლებების დაცვასა და ცხოვრების უკეთ მოწყობაში, ემუქრებიან, პანკისისდან გაძევებას ჰპირდებიან ახალგაზრდები, ვისაც წარმოდგენაც არ აქვთ მის საქმიანობასა და საერთოდ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში არსებულ ვითარებასა და აქ განვითარებულ მოვლენებზე. საინტერესოა, როცა ასეთ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე ვინ არიან, ვინ მისცა უფლება ასეთი განცხადებები აკეთონ.

ფრანც კაფკა ამბობდა: „ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, საკუთარ თავს გაინადგურებ“! მოვლენები ისე ვითარდება ქისტური თემის ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში, რომ საკუთარი თავის განადგურებისაკენ მივდივართ. ჩვენ, უხუცესებს ბევრი გვინახავს, ბევრი გაგვიგონია და ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რადიკალური, ანტიეროვნული მოვლენები. და ის ვინც თავზე იღებს ასეთი ძალის მართვას, უფსკრულისაკენ მიემართება.

პანკისის სათემო რადიო WAY-ს მიმართ აგრესიული განწყობილება ვაჰაბიტ-სალაფიტებში ადრეც იყო. მთივლშვილის წინააღმდეგ გამოხტომებიც ბევრი ყოფილა, არც თავიანთი უხუცესების მიმართ უკადრისი მიმართვების ხმარებას მორიდებიან, მაგრამ აგრესიულ მუქარას ადგილი არ ჰქონია!

აქ დაინტერესებულმა პირმა ეშმაკური ფანდი იხმარა – გელა მთივლიშვილი შენობას ყიდულობს და ინგლისური ენის უფასოდ შემსწავლელ კურსებს დახურავსო, რაც სიმართლისაგან ძალზე შორსაა, რადგანაც გელა მთივლიშვილს აზრად არ მოსვლია ამ შენობის შესყიდვა და ეს ყველაფერი გათვლილი იყო ხალხის ემოციებზე ზემოქმედებისთვის: აი, ხედავთ, ვიღაც ჟურნალისტი გვართმევს შენობასო. შეიძლება ითქვას, აზრის მესვეურებმა თავიანთ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს და ჟურნალისტის წინააღმდეგ კიდევ უფრო განაწყვეს გარკვეული ძალები. მთავარი მაინც ის არის, რომ მომიტინგეთა მხრიდან არ მოხდა არანაირი კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა ჟურნალისტის მიმართ, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ, ეს იყო და ეს.

აშკარაა რომ ამ ადამიანების უკან დგას გარკვეული ძალა რომელიც თვითონ შენიღბულია და სხვებს იყენებს, ეს ხომ ამ ქვეყნის ძლიერთათვის დამახასიათებელი თვისებაა. როცა ამა თუ იმ ნაბიჯს თვითნებურად ვდგამთ, უნდა გვახსოვდეს, რომ პირადი ინტერესები კი არა, უპირველესად ხეობის ინტერესებია გასათვალისწინებელი, ის შედეგებია გასათვალისწინებელი რაც ასეთ ქმედებას მოჰყვება.

იმაზეც ვიფიქროთ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვართ თუ არა მზად იმისათვის, რომ მსგავსი საკითხები ხეობის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ?.

ჩვენ, უხუცესთა კავშირი, ვგმობთ ყოველგვარ აგრესიულ გამოხტომებს ადამიანების მიმართ. ცხადია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ გელა მთივლიშვილი იდეალური ჟურნალისტია ან პიროვნება, ისევე როგორც ჩვენ ან ნებისმიერი სხვა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პლიუს-მინუსები, რომლებისგანაც არავინ არ ვართ დაზღვეულები. აქვე აღვნიშნავთ, რომ გელა მთივლიშვილი ჟურნალისტია, მისი პროფესიაა მიმდინარე მოვლენების გაშუქება თუნდაც ეს „შორტებს“ ან სხვა თემებს ეხებოდეს. უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქისტური ადათ – წესები და ღირსების გრძნობა! საქართველო პანკისიდან იწყება, ნუ დავივიწყებთ ამას“, – წერია უხუცესთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


1 სექტემბერს პანიკის რადიომ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ვკითხულობდით, რომ სოფელ დუისში მცხოვრები თამაზ მარგოშვილი 29 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში გამართულ აქციაზე საჯაროდ დაემუქრა სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მის დამფუძნებელ, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომლისგანაც მოითხოვს, უარი თქვას პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე.
პანკისის რადიოს ცნობით, აქცია „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს“ ხელმძღვანელის, ლია მარგოშვილის მიერ იყო ორგანიზებული და მასში 150-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა. ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე.