საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკას შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
„აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ლუკაშენკას შეხვედრა ასევე დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკას „ოფიციალურ შეხვედრას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან”. ლუკაშენკას სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
ლუკაშენკა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მინსკში შეხვდა. აფხაზური დელეგაცია, ბჟანიას ხელმძღვანელობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინ რუსეთსა და ბელარუსში ვიზიტებს მართავს.