ვგმობთ დარჩიას განცხადებას, როგორც ისლამოფობიურს და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს - „არა-ფობიას“

პუბლიკა

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება 2021 წლის 16 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოცეკვავე თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას და მიაჩნია, რომ გადაცემის წამყვანმა დაარღვია პროფესიული სტანდარტები და კანონმდებლობის მოთხოვნები.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას თეა დარჩიამ გააკეთა შემდეგი განცხადება: „მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო დედები გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ, ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ, აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს კითხვა დაუსვამს, რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს? იქნებ ვიკითხოთ, ხომ? მეც ძალიან მაინტერესებს, დავიღალე“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტმა მაგდა ანიკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „მადლობა, რომ მოგვიყევით და სრულიად გულწრფელად გაგვიზიარეთ თქვენი განცდები“.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ გმობს თეა დარჩიას განცხადებას როგორც ისლამოფობიურს და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს.

„თეა დარჩიას განცხადება აღვივებს სტერეოტიპულ წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი შეიძლება იყოს („აღარაფერი ქართული მათში აღარ არის“). სწორედ ამგვარი დამოკიდებულებები უწყობს ხელს საზოგადოებაში რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციასა და რელიგიურ კონფლიქტებს. ასეთ ვითარებაში კი ჟურნალისტებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, არ გახდნენ სტერეოტიპული წარმოდგენების გავრცელების ხელშემწყობნი“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უფლებები საქართველო (RG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

თბილისი პრაიდი