დღეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბრის დეტალები. ჟურნალისტის განმარტებით, ასეთი სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მას უსმენენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მოქალაქეებისა და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას.
„ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები“, – ამბობენ ქარტიაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.
ქარტიაში მიიჩნევენ, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარმართვის პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.