ვგმობთ ძალადობას და ველოდებით საგამოძიებო დასკვნას - „ლელო“ ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმაზე

პუბლიკა

სამთავრობო მედიის ცნობით, ტრანსგენდერ ქალზე, ნატა ტალიკიშვილზე ძალადობის ფაქტზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს. ის ანა დოლიძის პარტიის – „ხალხისთვის“ წევრია.

ფერაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას და ელოდებიან საგამოძიებო დასკვნას, პოლიტკურ ზომებს კი ობიექტური გამოძიების შედეგების არსებობის შემდეგ მიიღებენ.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. როგორც სამართალდამცავი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ისინი ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით ინფორმაციას.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ და ობიექტურად გამოძიებისკენ, ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას.

ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველა საჭირო პოლიტიკური ზომები, მას შემდეგ, რაც ობიექტური გამოძიების შედეგები იარსებებს“, – აცხადებენ პარტიაში.

განახლება: სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს დავით ფერაძე, რომლის დაკავების ფაქტიც „პუბლიკას“ პარტიაში რამდენიმე წუთით ადრე დაუდასტურეს. ფერაძე პროვოკაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს და აღნიშნავს, რომ დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს:

„ვიღაცებმა მირჩიეს დუმილი… არაფერი დაწეროო… მიყვარს ეს მრჩეველი ხალხი! რომ მმტრობს, ისიც მიყვარს… რა ქნას, თუ დავალებაა?! ვერავინ ნახავთ სადმე ჩემს ჰომოფობიურ ფრაზასაც კი, რადგან, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ღვთის შვილები ვართ. ამიტომ ეს ორომტრიალი წმინდა წყლის პროვოკაციაა. თუ პოლიტიკური სიბინძურე არის ჩემს ამბავში ჩართული, ესეც გაირკვევა, ვისგანაც არ უნდა იყოს ის… ნუ, მე გავარკვევ და ვიტყვი დეტალებს. დანარჩენს ბრიფინგზე ვიტყვი“, – წერს ფერაძე.

20 ოქტომბერს თბილისში თავს დაესხნენ ნატა ტალიკიშვილს. მისი თქმით, თავდამსხმელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

20 ოქომბერს სამთავრობო მედიამ და „ქართული ოცნების“ წევრებმა პროევროპული მარში „ოპოზიციის პრაიდად“ გამოაცხადეს. ნატა ტალიკიშვილმა მარში დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო POSTV-მ ტრანსოფბიური ქვეტექსტით ცალკე ქარდი მიუძღვნა იმ ფაქტს, რომ აქციას „ცნობილი ტრანსგენდერები“, მათ შორის ნატა ტალიკიშვილიც ესწრებოდა. ქალს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც მარშიდან სახლში ბრუნდებოდა.