„ვგმობთ ძალადობის ფაქტებს" - თსუ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებებს. გთავაზობთ განცხადებას:

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს (მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა).

უნივერსიტეტისთვის, რომელიც თავისუფლებას, განათლებას, განვითარებასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას ემსახურება, მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.

დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.