ვგმობთ ძალადობის ფაქტს ბალდაში, ულტიმატუმის ენით საუბარი კი მიუღებელია - გარემოს დაცვის სამინისტრო

პუბლიკა

გარემოს დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდის კანიონში განვითარებულ მოვლენებს და მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნას, რომ მათთან საჯარო შეხვედრა გაიმართოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობა მიმართულია კანიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნისკენ, რათა ქართველ და უცხოელ ტურისტებს მიეცეთ კანიონის დათვალიერებისა და უსაფრთხო მოგზაურობის შესაძლებლობა, რადგან მათი მტკიცებით, კანიონის „უდიდესი ნაწილი დღეს ვიზიტორთათვის მიუწვდომელია“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო გმობენ ძალადობის ფაქტს, რაც ბალდაში მოხდა. ამასთან განცხადებაში გაკრიტიკებულია მოძრაობა „ბალდის კანიონის გადასარჩენად“, რომელთა კარავსაც დაესხნენ თავს. სამინისტროსა და სააგენტოს განცხადებით, ისინი მიუღებლად მიიჩნევენ ულტიმატუმის ენით საუბარს.

„სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო. ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მყისიერად გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს:

მათ ჩაშალეს არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ქალაქ მარტვილში საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასთან სასაუბროდ იყო ჩასული;

გზა გადაუკეტეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ;

ადგილზე არ შეუშვეს ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, რის შედეგად კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით საუბარს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში შედეგზე ორიენტირებული შეხვედრისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.