არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. „ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს“, – წერენ NGO-ები.
არასამთვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სასამართლომ პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, არ დალოდებოდა საპელაციო სასამართლოში მელიას საჩივრის განხილვას და პროცესის სამართლებრივ, არაძალდობრივ ჭრილში წარმართვას, ეს კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა.
„ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა.
საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა. დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული.
საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
NGO-ების განცხადებით, პროცესების სამომავლოდ გამწვავებაზე პასუსიხმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება და რთულია მათგან „ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი“. არასამთავრობოები წერენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების უფრო მეტი პოლარიზაციის შეჩერება და ამიტომ რეაგირებისკენ საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ.
დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში, რომელსაც ხელს 22 ორგანიზაცია აწერს:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – TIG
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი
- საზოგადოება და ბანკები
- მედიის განვითარების ფონდი – MDF
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – GFSIS
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
- ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
- ცენტრი “ემპათია”
- საფარი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC
- საქართველოს გაეროს ასოციაცია – UNAG
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- მწვანე ალტერნატივა
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA