ვგმობთ რუსეთის მიერ მცოცავ ოკუპაციას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები - ევროპარლამენტარები

პუბლიკა

„ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას, ე.წ. პასპორტიზაციას, ისევე როგორც ყველა სხვა ნაბიჯს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი, აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„14 წლის წინ, დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვიცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ისინი მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადგენს რუსეთის ბრალეულობას ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან.