ვგმობთ რუსეთის მოქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს | აშშ-ევროკავშირის განცხადება

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ვრცელ განცხადებაში, რომელიც სხვადასხვა თემას ეხება, შეტანილია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის საკითხი და დაგმობილია რუსეთის მოქმედებები, მათ შორის, საქართველოს მიმართ.

„ჩვენ კვლავ ერთიანი ვართ რუსეთის მიმართ პრინციპული მიდგომის მიმართ. მზად ვართ, სათანადოდ ვუპასუხოთ მის დამაზიანებელ და ნეგატიურ მოქმედებებს, რომელთაც განგრძობითი ხასიათი აქვს.

რუსეთმა უნდა მოახდინოს რეაგირება და შეაჩეროს ჩვენ შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესება, მათ შორის, მათ მიერ დასახელებულ, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან. ჩვენი მიდგომისა და მოქმედებების კოორდინაციისთვის ვგეგმავთ რუსეთთან მიმართებით აშშ-ევროკავშირის ერთობლივ დიალოგს უმაღლეს დონეზე.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის განგრძობად მოქმედებას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მხარს დაუჭერენ პარტნიორებს დემოკრატიის გზაზე და იმუშავებენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებისთვის. ტექსტის ნაწილი ეთმობა ბელარუსს და დაგმობილია ალექსანდრე ლუკაშენკას ხელისუფლების მოქმედებები.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას რეფორმების გზაზე.

გადავწყვიტეთ, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისთვის. ვდგავართ ბელარუსი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დასაცავად.

ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, უნდა შევაჩეროთ ლუკაშენკას რეჟიმი, რომ პასუხი აგოს მისი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმისა და საავიაციო უსაფრთხოების დარღვევისთვისთვის. როცა უპრეცედენტო, მოგონილი ბრალდებითა და ყოვლად მიუღებელი ძალადობრივი გზით ევროკავშირის მოქალაქეთა თვითმფრინავის წინააღმდეგ დივერსია მოაწყო, რათა დაეკავებინა ჟურნალისტი და გაეგრძელებინა ოპოზიციური და თავისუფალი ხმების ჩახშობა“, – ნათქვამია განცხადების იმ ნაწილში, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეეხება.