ვგმობთ ყოველგვარ დაშინებასა და ძალადობას ხვალინდელ არჩევნებზე - „ევროპის სახალხო პარტია“

პუბლიკა

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ტვიტერზე 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, EPP გმობს ყოველგვარ დაშინებასა და ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება.

„ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოში ხვალინდელი არჩევნების წინ, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მომავალი არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალისკენ მიმართულ ყოველგვარ ძალადობას ან დაშინებას“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EPP-ს ტვიტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტია ხვალინდელ არჩევნებში მის ქართველ პარტნიორებს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ძლიერ შედეგებს უსურვებს.

„EPP მხარს უჭერს მათ მცდელობებს დაიცვან საქართველოს დემოკრატიული სტანდარტები, კანონის უზენაესობა და ევროპული დღის წესრიგი. დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს საქართველოსთვის, რათა რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს“, – აღნიშნავს ევროპის სახალხო პარტია.