ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მორგან ორტაგუსი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს და მოითხოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას.
„მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და დაკავებას რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს ორგატუსი განცხადებაში.
We strongly condemn the shooting and detention of a Georgian citizen by Russian-led forces, and we call for his immediate release. Once again, we demand that Russia fulfill its commitments under the 2008 ceasefire agreement. https://t.co/wZVmcqrYbK
— Morgan Ortagus (@statedeptspox) July 13, 2020
11 ივლისის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.
მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ საქართველოში: „ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ“.