19 ნოემბრის საპროტესტო აქციის გამო დაკავებული სტუდენტი, მათე დევიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა დღეს კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ მოქალაქეების მიერ აქციების დროს დაკავებულებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას წერილები გაავრცელა. დევიძის წერილი 30 დეკემბრით თარიღდება. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
„გამარჯობა, ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო და თანამემამულეებო. გისოსებიდან გიხდით უღრმეს მადლობას სწორ მხარეს დგომისთვის, გვერდში დგომისთვის და რაც მთავარია სამშობლოსთვის შეუპოვარი და შეუდრეკელი ბრძოლისთვის. თქვენ ხართ ის რაც ბრძოლის გაგრძელების სურვილს გვინარჩუნებს. თქვენ გვაიმედებთ და გვარწმუნებთ რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. თქვენი თავისუფლების წყურვილი გვკვებავს სასოწარკვეთის წინააღმდეგ, რომელიც ასე ძლიერ ცდილობს ჩვენს გატეხას. მაგრამ არა, არ დავნებდებით, ვერ დავნებდებით, სანამ თქვენ ხართ, სანამ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის. თქვენ გვინარჩუნებთ იმ სულისკვეთებას, რომლის გამოც უსამართლობამ კლანჭებში მოგვიქცია და გამოგვამწყვდია ოთხ კედელს შორის.
დაიმახსოვრეთ, მათ მხოლოდ მატერიალური თავისუფლება შეგვიზღუდეს, რითაც ხელს უწყობენ ჩვენი სულიერი თავისუფლების განვითარებას, ამით ისინი აძლიერებენ ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულისკენ ლტოლვას.
თქვენი წერილები მივიღე. ყველა გულდასმით წავიკითხე. იმავე გრძნობით, როგორიც მათი წერის დროს გეუფლებოდათ. საოცარი ხალხი ხართ. ძალიან მალე თქვენ გვერდით ვიქნებით, იმ სიყვარულის დამსახურებით, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ერთიანობით და გამძლეობით ყველაფერს შევძლებთ. სანერვიულო არაფერი არაა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. ეს კი სხვა ყველაფერს წერტილს უსვამს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გულია მთავარი. ჩვენი მიზანია თავისუფლება, რომელსაც უძლეველი გულით ვატარებთ. ადამიანები, ვისაც ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია, ყველა ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშები ვართ. თითოეული ჩვენგანი, თითოეული წერტილი განსხვავებულია და თანაბრად მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სიცოცხლისთვის, რომელიც არსებობის ერთადერთი სწორი ფორმაა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა, მაგრამ ვგრძნობ, პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ.
ჩვენ, მე და ლუკა ჯაბუა, რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ერთად ვართ, კარგად ვართ. ციხეში ვართ, მაგრამ მაინც სიმართლის მხარეს, როგორც ყველა ჩვენგანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მარადმწერი ისტორიის ნაწილი ვართ. გილოცავთ დამდეგ 2025 წელს.
„ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ.“
სრული სვლით თავისუფლებისკენ“.