ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, თბილისში Viber-ის ოფისი გაიხსნება.
სამინისტროში ამბობენ, რომ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია RakutenViber-ის აღმასრულებელ დირექტორს ოფირ ეიალს უკვე შეხვდა და მასთან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის საქართველოში საქმიანობის მიმართულებები განიხილა.
„კომპანია RakutenViber-ი, რომელიც კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერია, საქართველოს ბაზარზე შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის, რომელიც ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების განვითარებაზე, “- ამბობენ სამინისტროში.
ლევან დავითაშვილის თქმით, თბილისში კომპანიის საოპერაციო ოფისის გახსნა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი IT ინჟინრებისთვის, იმუშაონ ისეთ გლობალურ კომპანიაში, როგორიცაა, როგორიცაა RakutenViber-ი.
მინისტრის თქმით, ამ მასშტაბის და ცნობადობის ბრენდის საქართველოში შემოსვლა ახალი სტიმული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული აქტორებისთვის.