ვიცით, რომ აქვს პოლიტიკური გეგმები, განიხილება ერთ-ერთ პარტიაში კანდიდატად - კობახიძე ზურაბიშვილზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საკუთარ თავზე მიწერას ცდილობდა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს სამომავლოდ პოლიტიკური გეგმები აქვს.

„[პრეზიდენტი] ცდილობდა, რომ რაღაცნაირად საკუთარი თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც მწიფდება ევროკავშირში, თუმცა იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად ცდილობს, ისევ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესი, ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია, მაგრამ სერიოზულად განიხილება მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ნუ ეს, რეალურად, საბოლოოდ, დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგზე. რაც უფრო მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.


„როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა“, – უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 25 ოქტომბერს.