პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შუალედურ დასკვნას და ამის შემდეგ მთავრობას ექნება შესაბამისი რეაგირების საშუალება.
„ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას საშუალება ექნება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ჩვენ წინასწარ არაფერს არ ვამტკიცებთ. არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის, მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.