სოფელ ნამოხვანში ჰესისთვის მიმდინარე სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი დღესაც მოჰყვა.
როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჩანს, ადგილზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა და პოლიცია.
როგორც „პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს, ამჟამად საპროექტო ტერიტორიაზე მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, კომპანიას ამისთვის შესაბამისი ნებართვაც აქვს.
EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა და არღვევს სანებართვო პირობებს. ორგანიზაცია მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები და შპს „ენკა რინიუებლზის“ მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.
„ენკას“ საპასუხო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.
EMC „ენკას“ კვლავ გამოეხმაურა და თქვა, რომ კომპანია, საპასუხო განცხადებაში ეყრდნობოდა სააგენტოსთან ოფიციალურ წერილობით მიმოწერას, რაც არ წარმოდგენს სანებართვო დოკუმენტს.