ვიდეო | ენმ უბნებზე დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობა“/ „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საარჩევნო უბნებზე მომხდარი დაპირისპირებებისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ქართული ოცნება“ გრძნობს გარდაუვალ მარცხს და ააქტიურებს ზონდერებსა და სუს-ის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე. ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პოლიცია პრაქტიკულად არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და პოლიცია ჩართულია ამ ძალიან მძიმე პროცესში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მან მედიას უჩვენა სხვადასხვა უბანზე გადაღებული კადრები. მათგან ერთ-ერთი სამგორის 39-ე უბანზეა გადაღებული, სადაც, როგორც თავად უდუმაშვილი ამბობს, ჩანს, რომ ჩხუბის აღსაკვეთად პატრული არაფერს არ აკეთებს.

ზაალ უდუმაშვილმა ასევე მონიტორზე აჩვენა კადრები, რომელზეც მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე თავს ესხმის დამკვირვებელს. მან ასევე უჩვენა ჟურნალისტებს კრწანისის მე-8 უბანზე გადაღებული კადრები, რომელზეც მისი მტკიცებით ასახულია „როგორ მიმდინარეობს ფულის გადაცემა იმ ავტომობილიდან, რომელშიც კადრში ხედავთ“.

ბრიფინგზე უდუმაშვილმა ასევე წარმოადგინა აუდიოჩანაწერი:

„აუდიოჩანაწერში ქუთაისის განათების სერვისის თანამშრომელი ლელა ასათიანი ადასტურებს, რომ მას აქვს პოლიტიკური დავალება მიღებული ვინმე ხეცურიანისგან ხალხის მიყვანის თაობაზე, თუმცა ამბობს, რომ ვერ ასრულებს ამ დავალებას და არ ჰყავს საკმარისი ხალხი“,  – აცხადებს უდუმაშვილი.

„ქართული ოცნების ოფისი ბრიფინგი გამართა მამუკა მდინარაძემ და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალებზე ისაუბრა. კონკრეტულად, მან სამგორში, 39-ე უბანში მომხდარ დაპირისპირებაზე განაცხადა, რომ ნამდვილად იყო დაპირისპირება, თუმცა  ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო პროვოცირებული.

„სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ მართლაც ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები და ეს თითქოს იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც კონფლიქტში მიიღეს მონაწილეობა. იქ იყო ფოტოგადაღება განუწყვეტელი, ამომრჩეველზე  „ნაცმოძრაობის“ მიერ. მიდიოდნენ და ახლოდან აწარმოებდნენ გადაღებას პროვოკაციულად, როცა ამომრჩევლის რეაგირება არ მოჰყვა ამას, შემდეგ უკვე წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე რომ გამოეწვიათ. მობილიზებული იყო იქ მედია, ესეც შემთხვევითი არ იყო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.