ვიდეო | კალაძემ „შეცვალეს“ წევრს დაარტყა და მაისური შემოახია - გიორგი ფხალაძე

პუბლიკა

აქტივისტი გიორგი ფხალაძე, რომელიც „ანას ბაღის“ მომიჯნავედ მშენებლობას აპროტესტებს, „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ დღეს ვარკეთილში სკვერის გახსნაზე თბილისის მერმა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტს ხელი დაარტყა და მაისური შემოახია.

„კალაძემ პირდაპირ „შეცვალეს“ წევრს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა და შემოახია მაისური. დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ რომ რუპორი ჩავრთეთ მაშინ. იმ წუთში გვეცა დაცვის რამდენიმე ათეული თანამშრომელი და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა. იძულებით ცდილობდნენ ჩვენთვის ორივე რუპორის წართმევას. დაიწყეს ტერიტორიიდან ჩვენი გაყვანა“, – აცხადებს ფხალაძე.

ფხალაძის თქმით, სკვერის გახსნაზე იმყოფებოდნენ „ანას ბაღის“ მცველები, ლაშა ჩხარტიშვილი და „შეცვალეს“ წევრები. მისივე თქმით, სკვერის გახსნაზე მისვლის მიზანი „ანას ბაღთან“, ალუბლების ქუჩაზე და დიღმის ჭალებში არსებული ვითარების გაპროტესტება და კალაძისთვის შეკითხვების დასმა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციას მივმართეთ, რომ გვქონდა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და მერიის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ირღვეოდა ეს უფლება, პატრულმა მაინც არ მოახდინა რეაგირება.

ჩვენ გვსურდა პროტესტის გამოთქმა და კალაძისთვის შეკითხვების დასმა იმ თემებზე, რაც ქალაქში ხდება; განადგურებულია დიღმის ჭალები, ჩვენ – „ანას ბაღის“ მცველები 3 წელია, ვცდილობთ, რომ კახა კალაძეს შევხვდეთ და, სამწუხაროდ, ჩვენი არჩეული მერი, ჩვენი წარმომადგენელი არ ხვდება მოსახლეობას და არ ელაპარაკება“,  – განაცხადა გიორგი ფხალაძემ „პუბლიკასთან“.

ინციდენტის შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ორი თაღლითი ნაციონალი იყო მოსული, რომლებსაც ჰქონდათ დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“.

ინციდენტის ამსახველ კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.


ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე წელია, „ანას ბაღის” მომიჯნავედ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და მერიას კორპუსის მშენებლობის ადგილმონაცვლეობას სთხოვს. მათი თქმით, ბაღის მომიჯნავედ კორპუსის აშენების შემთხვევაში ეზო ფუნქციას დაკარგავს.

კორპუსის აშენებას ასევე აპროტესტებენ თბილისში, ალუბლების ქუჩაზე.  ადგილობრივი მოსახლეობა იმავე ადგილზე სკვერის ან სპორტული მოედნის გაშენებას მოითხოვს.

დიღმის ჭალებში, არაშენებული ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები კი აცხადებენ, რომ ტერიტორია, რომელიც, თბილისის გენგეგმის მიხედვით, რეკრეაციული ზონაა, ნელ-ნელა ნაგავსაყრელად გადაკეთდა. შედეგად, განადგურდა ფლორა და შეიქმნა საცხოვრებლად გაუსაძლისი გარემო.