ვიდეო| მომიტინგეები წვებიან მიწაზე და უსმენენ ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელ სიტყვებს

პუბლიკა

მინეაპოლისში პოლიციელის მიერ დაკავების შემდეგ დაღუპული ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები მომიტინგეებისთვის ძლიერი ლოზუნგი გახდა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა პერფომანსებით გამოხატავენ სოლიდარობას დაღუპული ჯორჯ ფლოიდის მიმართ. მომიტინგეები არაერთხელ, დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში მუცელზე დაწვნენ, ხელები უკან წაიღეს და ამ დროს ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელ სიტყვებს ისმენდნენ – „გთხოვთ, ვერ ვსუნთქავ“, „მუცელი მტკივა“, „კისერი მტკივა“, „ყველაფერი მტკივა“, „ისინი მე მომკლავენ“. 8 წუთი და 46 წამი სწორედ ის დროა, რა დროც ფერადკანიან ჯორჯ ფლოიდს თეთრკანიანი პოლიციელი დერეკ შოვინი კეფაზე მუხლით აწვებოდა.

ერთ-ერთ პერფორმანსს ტვიტერზე ეხმაურება სენატორი, კამილა ჰარისიც და ვიდეოს აქვეყნებს. „უყურეთ, უსმინეთ, გააზიარეთ. ამიტომ ვაპროტესტებთ”, – აღნიშნავს სენატორი.


კიდევ ერთი პერფორმანსის ვიდეოს ავრცელებს ამერიკელი რეპორტიორი, სადაც ჩანს, რომ ბარნსაიდ ბრიჯზე ათასობით ადამიანი წვება გზაზე და ხელები უკან მიაქვთ.


შემთხვევა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, 25 მაისის საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციელის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

ყოფილ პოლიციელს, რომელიც დაკავებულ ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლით აწვებოდა, ბრალი დაუმძიმეს. დერეკ შოვინს ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი. დერეკ შოვინს, თავდაპირველად, ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობასა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ედებოდა. ახალი კვალიფიკაციით კი პროკურატურა შოვინს ედავება „არაგანზარახულად მკვლელობას მაშინ, როცა ცდილობდა ან სჩადიოდა დანაშაულს… მესამე ხარისხის თავდასხმაში დასახელებულს“.

ბრალი წაუყენეს დანარჩენ სამ პოლიციელსაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების წახალისებასა და ხელშეწყობაში ედებათ. როგორც CNN წერს, მინესოტას გენერალური პროკურორი კეიტ ელისონი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.