შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ.
ერთ-ერთი აქტივისტი ნატა ფერაძე ხის ნარგავთან სტიკერის გაკვრის გამო პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც „პუბლიკის“ მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, ფერაძეს პოლიციელი აფრთხილებს, რომ არ გააკრას სტიკერი, ფერაძე კი აგრძელებს მოქმედებას. ამის შემდეგ მას პოლიცია მანქანაში სვამს.
„პუბლიკა“ შსს-სთან ცდილობს დააზუსტოს, დააკავეს თუ არა ნატა ფერაძე და რომელი მუხლით.
24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.
„ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები.
„ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა.
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.