ვიდეო | რიონის ხეობაში „ენკასთვის“ საწვავი პოლიციის ძალით შეიტანეს - აქტივისტები

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ჰესის მშენებლობას უკვე 227 დღეა აპროტესტებენ, ამბობენ, რომ დღეს სოფელ ტვიშში პოლიციასა და ადგილობრივ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით რიონის ხეობაში შეუშვეს რამდენიმე ერთეული ტრანსპორტი, რომლებსაც კომპანია „ენკასთვის“ საწვავი და, სავარაუდოდ, საკვებიც მიჰქონდა.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ გოდოლაძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ რიონის ხეობაში პოლიციამ ორი მანქანა შეუშვა, რომელმაც, სავარაუდოდ, კომპანია „ენკასთან“ საკვები და საწვავი შეიტანა.

„ინფორმაცია მოგვივიდა, რომ პოლიციელები მოდიოდნენ და ამბროლაურიდან აპირებდნენ შემოსვლას. ტვიშში 30 კაცი ვიყავით და გადავუკეტეთ გზა საბურავებით, მანქანებიც ჩავაყენეთ, თუმცა გზის მთლიანი ბლოკირება ვერ მოვასწარით. მერე შეხლა-შემოხლა წავიდა. სპეცრაზმიანად 200-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. მოხდა შეტაკება ჩვენ შორის. დაშავებულები არ არიან. მხოლოდ მცირე ნაკაწრები აქვს ზოგს. საბოლოოდ, საპოლიციო ძალებმა გზა გაგვახსნევინეს და ხეობაში ორი მანქანა შევიდა – ერთი იყო სატვირთო, რომელზეც ალბათ საკვები იყო დატვირთული და მეორე იყო დიზელის ავზის მანქანა“, – ჰყვება ნუგზარ გოდოლაძე.

სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც ვრცელდება:


სოფელ ტვიშის გარდა, „რიონის ხეობის მცველებს“ კომპანიის მანქანებისთვის გზა კიდევ 6 ადგილას აქვს გადაკეტილი.

როგორც გუშინ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობდა, იმის გამო, რომ კომპანიას საწვავის შეტანის შესაძლებლობას არ აძლევენ, ხეობაში სამუშაო პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია.

„ხეობაში არსებითად შეჩერებულია სამუშაოები. ორი დღეა ამ პროცესს ვაკვირდები და ნამდვილად იმუშავა იმ გადაკეტვებმა, რომ საწვავი ვეღარ შევიდეს. ტონობით საწვავია საჭირო, რომ კომპანიამ სრულფასოვნად იმუშაოს. ასე კუსტარულად წარმოუდგენელია ამ რაოდენობის გადატანა, თუ არა ავზებით, როგორც თავიდან დაჰქონდათ. შესაბამისად, სამუშაო პროცესი შენელებულია, პრაქტიკულად შეჩერებულია იმ დონეზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები ხეობაში აღარ არის“, – ამბობდა ის გუშინ.

მისივე თქმით, ამ ლოკაციელებზე სჭირდებათ ხალხი, რომ მორიგეობა დაწესდეს. მანვე მოუწოდა პროცესში ჩართვის მსურველ მხარდამჭერებს, შეეხმიანონ.

„შეიძლება, რომ ყოველდღიურად ვერ მოახერხოს ადამიანმა, მაგრამ ერთი დღეც რომ იყოს, დიდი შეღავათი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ყოველდღიურად დგას. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამ ცხრილების შედგენას და გთხოვთ, რომ მოგვმართოთ, ვისაც გაქვთ სურვილი. ჩვენ შემდეგ გადაგანაწლებთ”,  – აღნიშნა გოლეთიანმა.

როგორც „პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.