ახალი გარემოება ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეში:
ადვოკატის თქმით, ბინის ჩხრეკის ვიდეოზე – ერთ მომენტში დასტურდება, რომ სახლში დამატებით კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება.
ჩხრეკის ოქმით, ბინაში იმყოფებოდნენ პოლიციელები: მირზა ჯაფარიძე, გიორგი იმერლიშვილი, ზურაბ ტურიაშვილი და დავით ახალაძე. ასევე, ბინის მეპატრონე – ეკა გოგისვანიძე.
გიორგი იმერლიშვილი და ზურაბ ტურიაშვილი ბინას ჩხრეკენ, მირზა ჯაფარიძე ავსებს ოქმს, დავით ახალაძე ვიდეოს იღებს, ეკა გოგისვანიძე კი უნდა აკვირდებოდეს ჩხრეკის მიმდინარეობას.
„აბაზანის კარი დახვდათ შიგნიდან ჩაკეტილი. ვიდეოზე ჩანს, როგორ იღება კარის საკეტი აბაზანის შიგნიდან და დავით ახალაძემ მიატრიალა კამერა ისე, რომ არ დაგვენახა ვინ გამოვიდა აბაზანიდან. ფაქტია, მანამდე კამერაზე ჩანან მირზა ჯაფარიძე, ზურაბ ტურიაშვილი, ეკა გოგისვანიძეც და გიორგი იმერლიშვილიც. ოქმში ფიქსირებულთაგან არცერთი არ იმყოფებოდა აბაზანაში“, – ამბობს ამბობს სამოდუროვა.
დაცვის მხარე აღნიშნავს, მათ შორის ეს გარემოებაც არის დადასტურება იმისა, რასაც ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ პოლიციელებს ბინაშიც შეეძლოთ ნარკოტიკის ჩადება, ისე, რომ ეს ვიდეოზე არ ასახულიყო.
დაცვის მხარე ამბობს, რომ აღნიშნული გარემოება ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს ქმნის.