რამდენიმე თვეა დიღმის ჭალებთან მცხოვრები მოსახლეობა გარემოსა და ჯანმრთელობის დასაცავად საკუთარი ძალებით იბრძვის.
ადგილობრივი ანა ტრაპაიძე გვიყვება, რომ, როცა საცხოვრებლად დიღმის ჭალებთან გადმოდიოდა, სიმწვანეს, რეკრეაციულ ზონასა და სპორტულ კომპლექსებს ელოდებოდა.
„რეალობა კი დაგვხვდა ასეთი: ქვა-ღორღითა და სამშენებლო ნარჩენებით დატვირთული სატვირთოები ამტვერებენ გზას, რაც დიკომფორტს უქმნის მიმდებარე დასახლებას, აბინძურებს და ზიანს აყენებს გარემოს”, – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებსაც აქტივისტები აპროტესტებენ და მოგვარებას მოითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული არ არიან, მოსახლეობას არც საქმის კურსში აყენებენ და არც მათ გამოძახებებზე ახდენენ რეაგირებას.
ურბანისტი ანა ბიბილაშვილი განმარტავს, რომ გენგეგმის მიხედვით, დიღმის ჭალების გარკვეულ ზონას სარეკრეაციო, ნაწილს კი სატყეო ზონის სტატუსი აქვს, რაც, ერთი მხრივ, ტერიტორიის რეკრეაციული პოტენციალის განვითარებას, მეორე მხრივ კი, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაურევლობას გულისხმობს.
ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ მერიის მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც 15 ჰექტარზე პარკის გაშენებას ითვალისწინებს, არ შეესაბამება ლანდშაფტს, მიკროკლიმატს და ტერიტორიის პოტენციალს. ურბანისტებმა და არქიტექტორებმა დიღმის ჭალებში ურბანული ტყე-პარკის ალტერნატიული პროექტი მოამზადეს. ანა ბიბილაშვილის თქმით, ტერიტორიის აღდგენა-განაჯანსაღებისთვის კი გრძელვადიანი გეგმა უნდა მომზადდეს.
დიღმის ჭალების ტერიტორიაზე თავდაპირველად პარკის გაშენება 2015 წელს დავით ნარმანიამ დააანონსა. მაშინ მერია აცხადებდა, რომ გათვალისწინებული იყო 50 ჰექტრის განაშენიანება. 2020 წელს თბილისის მერიის მიერ გამართული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე კი პარკის ასაშენებლად 15 ჰექტარი განისაზღვრა.
რას ამბობენ მერიაში:
„პუბლიკამ” მერიას ჰკითხა, რატომ დავიდა საპარკე არეალი 15 ჰექტრამდე და რას ხედვა აქვს მერიას დანარჩენ ტერიტორიასთან დაკავშირებით. მერიაში გვითხრეს, 2015 წლის შემდეგ, გენგეგმით დაზუსტდა საპარკე არეალი და განისაზღვრა საინჟინრო და ნაპირდაცვითი თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო არეალი, სადაც პარკის მშენებლობა იგეგმება. 2015 წელს პარკის მშენებლობა წინასწარ ნამდვილად დაანონსდა, ხოლო დეტალური პროექტირებისა და გენერალური გეგმის მიღების შემდეგ უკვე მოხდა საპარკე არეალის დაზუსტება.
მათი თქმით, პარკის მოწყობის დეტალური პროექტი მზად არის, ასევე დაგეგმილია ბიუჯეტიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დამატებითი თანხების მოზიდვის მიზნით.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე, მტკვრის სანაპიროს დიღმის ნაწილზე, აღნიშნული პროექტის გარდა, რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ.
„რაც შეეხება უშუალოდ კუნძულს, რომელიც მდინარე მტკვარში მდებარეობს საპარკე არეალის მიმდებარედ, მასზე ვრცელდება სატყეო ზონა, შესაბამისად, არ იგეგმება არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა. მეტიც, მერიამ გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ აღნიშნული კუნძული შევიდეს, ე.წ., „ზურმუხტის საიტების“ სიაში”, – აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება მოსახლეობის განცხადებას, არალიცენზირებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, „პუბლიკამ” აღნიშნული შეკითხვით ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მიმართა.
ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ საკითხს გარემოს ზედამხედველობის ინსპექცია სწავლობს და ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებენ. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან კი გვაცნობეს, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია საკითხის შესწავლა. უწყების პირველადი ინფორმაციით, ადგილზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია 2006 წელს, 20-წლიანი სარგებლობის უფლებით. „დეპარტამენტი აგრძელებს შესწავლის სამუშაოებს, ხომ არ აქვს ადგილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს“, – ნათქვამია წერილობით პასუხში.