ელისო ალანია 34 წელი ყოფილ ონკოლოგიურ საავადმყოფოში (უნივერსალური სამედიცინო ცენტრი) ექიმ-ლაბორანტად მუშაობდა.
2020 წლის 10 აპრილს მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მორიგეობიდან გათავისუფლება მოუხდა. მის მეუღლეს, რომელსაც ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შემცვლელის მოსაძებნად ელისოს კლინიკის ხელმძღვანელობასთან 22 სატელეფონო ზარი დასჭირდა. ვითარებას ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც ამწვავებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ელისომ სამუშაო ადგილი შემცვლელის გამოძახების შემდეგ დატოვა, მომდევნო დღეს, 11 აპრილს „სამუშაო ადგილის თვითნებურად მიტოვების“ გამო სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.
ელისოს მეუღლე 3 კვირაში, 4 მაისს გარდაიცვალა. როგორც ამბობს, სტრესის, გადაღლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურში გამოცხადება მეუღლის დაკრძალვის შემდეგაც ვერ შეძლო. 29 მაისს კი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ის სამსახურში „არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო“ გაათავისუფლა.
ელისო ალანია დამსაქმებელს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ედავება და სასამართლოში ჩივის. მის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იცავს.
ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, ისინი სარჩელით გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, ასევე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.
„პუბლიკა“ კომენტარისთვის კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ენუქიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და აღნიშნა, რომ სასამართლოში ყველაფერზე პასუხს გასცემს. „ეგ ქალი რასაც ამბობს, ყველაფერი ტყუილია. შესაბამისად, სასამართლოში, მოსამართლის წინაშე ყველაფერს პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა ენუქიძემ.