გაბმა ფოტოხაფანგში | ჭაჭუნას ბიომრავალფეროვნებაზე

სოფო აფციაური

ცხვრის ჭარბი ძოვება, შესაბამისად კი, მიწის დეგრადაცია ჭაჭუნის აღკვეთილისთვის დღითიდღე ზრდის ზიანის მასშტაბებს – ამბობენ მკვლევრები, რომლებმაც აღკვეთილსა და მის შემოგარენში კვლევითი საქმიანობები შარშან დაიწყეს.

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – „საბუკოს“ კვლევები აქ არსებული ჭალის ტყეების აღდგენასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. თუმცა, იქამდე სხვადასხვა მიმართულებითაა საჭირო ამ ადგილების შესწავლა და ცხვრის მიერ გადაძოვების მასშტაბების შემცირება.  „საბუკოს“ წარმომადგენლების მოსაზრებით, პირველ რიგში, საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს საძოვრების მართვის შესახებ კანონი, რომელიც დანერგავს როტაციული, ანუ მონაცვლეობითი ძოვების სისტემას.

ორგანიზაცია აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების ანალიზის პირველად შედეგებს 2020 წლის შემოდგომისთვის  გამოაქვეყნებს. კვლევების ერთ-ერთი საშუალება აქ დამონტაჟებული 40-მდე ფოტოხაფანგია, რომლის საშუალებითაც, მკვლევრებს შეუძლიათ ივარაუდონ, რა გავლენებს ახდენს მიწის დეგრადაცია ფრინველებისა და ცხოველების პოპულაციებზე.

ჭაჭუნის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა. 5200 ჰა ფართობის ტერიტორია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. აღკვეთილი არაერთგვაროვანი რელიეფითა და ლანდშაფტით გამოირჩევა. აქ ხარობს ტუგაის ტიპის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობები, როგორიცაა: თეთრი ვერხვი, ჭალის მუხა და კავკასიური აკაკი – საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა.

ამ ჭალის ტყეებს იყენებს საბუდრად ბექობის არწივი. არამტაცებლებიდან – დურაჯი, რომელიც მხოლოდ ამ ტერიტორიაზე გვხვდება. ამასთანავე, ეს ტყე მნიშვნელოვანი თავშესაფარია მგლისთვის, ტურისთვის, ლელიანის კატისა და მაჩვისთვის. შარშან „საბუკოს“ მიერ დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა აქ ფოცხვერიც დააფიქსირა.


ვიდეო მომზადდა მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ლისბეტ რაუსინგისა და პიტერ ბოლდვინის საქველმოქმედო ფონდი არკადიას დახმარებით ხორციელდება საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, საბუკოს მიერ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და Birdlife International-ის თანამშრომლობით.