„ისე დამეხმარა ხალხი, ძალიან დამეხმარა. ადვოკატი რომ შესულა გენადისთან, ისე გახარებია გენადის, სასწაულად, რომ „გაუნულდა“ ეს სესხი და დედამისს არ დაუტოვა. მაგრამ მე დამრჩა ის, რომ შვილი ციხეში მყავს და სასწაული ბრალდება აქვს წაყენებული…
მე მეამაყება გენადი, ის პატრიოტი ადამიანია და საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ზაირა კუპრეიშვილი, გენადი კუპრეიშვილის დედა.
გენადი კუპრეიშვილი 4 ოქტომბრის აქციის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია. 10 ოქტომბერს მოსამართლემ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კუპრეიშვილმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, გადაწყვეტილების მიღებამდე მისი ოჯახის სოციალური პირობები გაეთვალისწინებინათ.
„სენაკში ვცხოვრობ. ყველა დამეთანხმება, ყველა ხელს მომიწერს, არსად გამქცევი მე არ ვარ და ჩემი პატიოსნების შესახებ ყველამ იცის. ცუდი ადამიანი არ ვარ. მყავს პენსიონერი დედა, რომელსაც გამოტანილი აქვს 20 000 ლარი. ამ ფულს მე ვიხდიდი. და თუ არ გადავიხდი, დედაჩემს ჩამოაჭრიან პენსიას და შემოსავლის გარეშე დარჩება. მყავს სოციალურად დაუცველი და და დისშვილები, რომლებსაც მე ვუწევ დახმარებას. სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, დედაჩემის ადგილას წარმოიდგინეთ თავი. მტკიცებულებებს მე ვერანაირად ვერ გავანადგურებ“, – განაცხადა გენადი კუპრეიშვილმა.
გენადი კუპრეიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სესხის დასაფარი 20, 000 ლარი ოჯახს მოქალაქეებმა 3 დღეში შეაგროვა.
„პუბლიკა“ გენადი კუპრეიშვილის დედას, ზაირა კუპრეიშვილს სენაკში, სოფელ გეჯეთში შეხვდა.