დათო სუბელიანი, ნარკოპოლიტიკის აქტივისტი საზოგადოებას მისი დამოკიდებულების შესახებ ისტორიას უზიარებს. როგორც ის გვიყვება, წლების განმავლობაში ოპიოიდებზე მძიმე დამოკიდებულება ჰქონდა, ასევე, 31 წლის განმავლობაში იყო თამბაქოს მომხმარებელიც.
წლების განმავლობაში ამ სფეროში არაერთ აქტივისტთან, მეცნიერთან თუ მკვლევართან ურთიერთობის შედეგად მისთვის ცნობილი იყო იბოგაინისა და დამოკიდებულებასთან საბრძოლველად არსებული პრაქტიკის შესახებ.
ოპიოიდების მოხმარების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან იბოგაინის გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა. ამბობს, რომ მის შემთხვევაშიც ნივთიერებამ როგორც ოპიოიდური დამოკიდებულება, ისე თამბაქოს მოხმარების სურვილი გააქრო.
„პუბლიკამ“ კიდევ ერთი ადამიანის ისტორია 2 წლის წინაც გააშუქა, მაშინ როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „იბოგაინის ევროპული ფორუმი 2019“ გაიმართება.
რა არის იბოგაინი?
იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება. ის ხანგრძლივი მოქმედების ფსიქოდელიური საშუალებაა, რომელიც უმეტესად აფრიკაში მოიპოვებენ.
დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მოხმარება უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებით შემოიფარგლება (მაგალითად, ბვიტის ტომში ცენტრალურ-დასავლეთ აფრიკაში). ტომის წევრები იბოგაინს რელიგიური რიტუალებისთვის იყენებენ, ასევე ნადირობისას ფხიზლად და უმოძრაოდ ყოფნისთვის.
აღწერილი ეფექტებიდან გამომდინარე, მკვლევრები იბოგაინის თერაპიული პოტენციალით დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მას ჯერ მაინც ექსპერიმენტულ დონეზე იყენებენ ნივთიერებებზე დამოკიდებულების, პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობების, პარკინსონისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. რამდენიმე ანგარიშსა და კვლევაში ასახულია იბოგაინის რამდენიმეჯერ მიღების შედეგად გამქრალი აღკვეთის სიმპტომებისა და ოპიოიდების მიმართ ლტოლვის ჩაქრობა.
მათ, ვინც ამ თერაპიას მიმართავს და შეხება აქვს პრაქტიკასთან, ამბობს, რომ იბოგაინის თერაპიისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკურიც. ამასთან, მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირება მოსალოდნელ ეფექტზე და ის, რომ თერაპიისთვის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაც უნდა უწყობდეს ხელს.
მიუხედავად პრაქტიკაში იბოგაინის თერაპიის წარმატებული შედეგებისა, სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ იმისთვის, რომ ამ მიდგომამ ჯანდაცვის ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარება მოიპოვოს, საჭიროა დამატებითი, სანდო და კვალიფიციური კვლევები.