ივანე აფციაური ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრიდან 1 აპრილს გაათავისუფლეს. იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო დაწესებულებამ დასაქმებული კორონავირუსის პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დატოვა.
აფციაური ამბობს, რომ 4-სულიანი ოჯახის ძირითადი მარჩენალი თავად იყო. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი, როდესაც ქვეყანას კორონავირუსის გამოწვევებზე უნდა ეპასუხა, სხვა სამსახურის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ახლა ის ყოფილ დამსაქმებელს უკანონო გათავისუფლებას ედავება და სასამართლოში უჩივის. საქმის განხილვას მცხეთის რაიონული სასამართლო უახლოეს ხანში დაიწყეს.
იუსტიციის სახლში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ივანე აფციაურის საბოლოო შეფასებაზე, როგორც დისციპლინურმა გადაცდომებმა, ისე მისი მხრიდან გამოვლენილმა არასათანადო პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა მოახდინა გავლენა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა იუსტიციის სახლის მომსახურების მაღალ სტანდარტებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სახლი ვერ გაასაჯაროებს დასაქმებულის შეფასებისა და სამსახურებრივი გადაცდომების შესახებ კონკრეტულ ფაქტებს, ვინაიდან იგი შეიცავს ივანე აფციაურის პერსონალურ ინფორმაციას.