„ქვიარ ასოციაცია თემიდამ“ ქვიარადამიანებისთვის თავშესაფრის ასაშენებლად ფონდი შექმნა. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ბექა გაბადაძე ამბობს, საჭირო თანხის მოსაგროვებლად გაიმართება ქვიარღონისძიებები, ქვიარტურები ტურისტებისთვის და საქველმოქმედო კამპანიები. მისი თქმით, პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა ლგბტ თემის წევრებისთვის თავშესაფრის საჭიროება.
„ამ პერიოდში ასობით ლგბტ თემის წევრი მიმართავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ მიეღოთ ბინის ქირა ან თავშესაფარი“, – ამბობს ბექა გაბადაძე.
„თემიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, ტონი სარასფატი ამბობს, რომ თავშესაფარი ძირითადად მათთვის იქნება, ვინც „ოჯახური ძალადობისა და ეკონომიკური მოწყვლადობის მსხვერპლია“.
„თავშესაფრის მშენებლობასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ სახელმწიფომ შექმნას ადეკვატური საცხოვრისის პოლიტიკა“, – ამბობს „თემიდას“ აღმასრულებელი დირექტორი.
ტრანსგენდერი აქტივისტი ნატა ტალიკიშვილი ამ ინიციატივას მხარს უჭერს, რადგან არ სურს, სხვებსაც მასავით რთული გზის გავლა მოუწიოთ. ის მოუწოდებს თემის მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ თავშესაფრის მშენებლობის პროცესში.
„მე რომ თავშესაფარი მქონოდა, არ მომიწევდა ქუჩაში ცხოვრება და არ ჩავერთვებოდი სექსსამუშაოში“, – ამბობს ნატა ტალიკიშვილი.