Video Player

„უსამართლოდ ვზივარ ციხეში" - ინტერვიუ გიორგი კუჭუაშვილთან

ნათია ამირანაშვილი

30 წლის გიორგი კუჭუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულია. მას ედავებიან, რომ სპეცრაზმელს თვალთან ბოთლი მორტყმა, ამის გამო კუჭუაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„პუბლიკა“ პატიმარს ციხეში ესაუბრა. ის თავს სამაგალითოდ დასჯილთა შორის მოიაზრებს. მიაჩნია, რომ რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამებოდა და აქციაზეც სწორედ ამის გამო იყო.
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობაც დაიწყო.

„უსამართლოდ ვზივარ ციხეში, ცხოვრებაში სისხლის სამართალთან არანაირი დარღვევა არ მქონია, ყოველთვის კეთილსინდისიერი მოქალაქე ვიყავი…

ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეუღლე მყავს, მშობლები მყავს. ფსიქოლოგიური სტრესი არის ოჯახისთვის ჩემი ციხეში ყოფნა, იმის გამოც, რომ იციან, რომ დაკავებული ვარ სხვა ინტერესიდან გამომდინარე და არა წაყენებული მუხლის გამო…მე აქედან ვამხნევებ.

პირველ რიგში, მოქალაქეებს მოვუწოდებდი, რომ არ ვიცი… გულგრილად როგორ უნდა შეხედო დღეს მიმდინარე მოვლენებს, გარეთ რაც ხდება პირველ რიგში. აქედან გამომდინარე არ შეიძლება ამას გულგრილად უყურო და მეორე ის, რომ პოლიტპატიმრები ჩვენ ვიღაცების დასაშინებლად შეიძლება დაგვიჭირეს, რომ სხვა არ მივიდეს აქციებზე და მოვიწოდებ, რომ არ შეშინდნენ ამით, არაფერი არაა… მხნედ იყვნენ და კარგად იყვნენ, იმიტომ, რომ აქაც მხნედ ვართ და ყოველდღე ვგრძნობ გარედან მხარდაჭერას და მადლობელი ვარ ამისთვის”, – ამბობს კუჭუაშვილი „პუბლიკასთან”.