9-წლიანი გამოცდილების მქონე სოციალური მუშაკი დღეს თავად ითხოვს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას. თეა მაღრაძე ერთ-ერთია იმ 33 სოციალური მუშაკიდან, რომლებიც 1 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან დაითხოვეს. მიიჩნევს, რომ სისტემამ პროტესტის გამო დასაჯა, რადგან სოციალურ მუშაკთა გაფიცვაში მონაწილეობდა, ამიტომ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პანდემიის პერიოდი დაიწყო და სამსახურის პოვნა უჭირს. თეა მაღრაძე გვიყვება, რომ მძიმე ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებას მეგობრების დახმარებით ცდილობს. სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადება აპრილში დაწერა, რასაც, როგორც თავად ამბობს, რეაგირება მხოლოდ ივნისში მოჰყვა. თუმცა ამ დრომდე არ იცის, მიანიჭებენ თუ არა სტატუსს.
„იმის ნაცვლად, რომ გქონდეს კარიერული წინსვლა, გიხდიდნენ მადლობას, რომ თავს არ ზოგავ, ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ასრულებ სამუშაოს, უცებ არ სჭირდები სისტემას, რომელიც მხრებით მოგქონდა. როდესაც დამსაქმებელმა იცის, რომ შენი არასრულწლოვანი შვილებით არ გაქვს საკუთარი საცხოვრებელი და ხარ დამოკიდებული მხოლოდ ხელფასზე და გტოვებს ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე, და ამას აკეთებს ზრუნვის სამსახური, ეს ძალიან რთული აღსაქმელია“, – ამბობს თეა მაღრაძე.
ჩვენმა მკითხველმა თეა მაღრაძის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა, გიზიარებთ მონაცემებს: ვარდო მაღრაძე, ანგარიში:
GE50BG0000000745645700 საქართველოს ბანკი
____________________________________________________________
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.