„ზოგჯერ იძულებული ვართ, პენსია წინასწარ გამოვიტანოთ, ასეთ დროს კი „ლიბერთი ბანკი“ გვძარცვავს“ | ლამარა აბჟანდაძე

პუბლიკა

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელით პენსიონერებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, რომ „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო სესხების შესახებ ისაუბრონ და პრობლემის ირგვლივ გაერთიანდნენ.

„მოგმართავთ 60+ ასაკის ადამიანებს. ჩვენ ყველა პენსიონერები ვართ, მაგრამ ჩვენი პენსია 275  ლარი ჩვენი ასაკის ხალხს  წამლის ფულად არ გვყოფნის. ამიტომ იძულებული ვართ, ზოგჯერ მომდევნო თვის პენსია წინასწარ გამოვიტანოთ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, „ლიბერთი ბანკი“ კი ასეთ დროს გვძარცვავს“, – ამბობს ლამარა აბჟანდაძე.

მისი თქმით, პენსიონერებს უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ წინასწარ გამოიტანონ კუთვნილი პენსია და ამაში ბანკი მათ მაღალ პროცენტს არ უნდა უწესებდეს.

„მე მარტო პენსიაზე არა ვარ დამოკიდებული, მაგრამ ყველა ასე ხომ არ არის, არა? პენსიონერი, რომელიც მარტოხელაა, მას 275 ლარი არავითარ შემთხვევაში არ ეყოფა, მარტო წამლებისთვის არ ეყოფა. პენსიონერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებ, რომ ნუ გაჩერდებიან, ნუ დადუმდებიან, ამოიღონ ხმა… მე არ შევწყვეტ ამ ბრძოლას, სანამ ვინმე არ გამომეხმაურება“, – აცხადებს ლამარა აბჟანდაძე.


„პუბლიკა“ სესხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა. მათგან გვაინტერესებდა, რამდენ პენსიონერს აქვს აღებული სესხი, რა პირობებია „ლიბერთი ბანკში“ ე.წ. საპენსიო სესხებზე (პროცენტი, დაფარვის პირობები, ვადა და ა.შ.); რა გარემოებით არის განპირობებული ბანკის მიერ საპენსიო სესხზე დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი; და გეგმავს თუ არა ბანკი ამ მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებას. ბანკმა გაცემული სესხის ოდენობასა და პირობებზე შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. საპენსიო სესხის „კაბალური პროცენტზე“, ბანკში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულს საფუძველი შესაძლოა წლების წინ ჰქონდა. დღეს კი, მათივე თქმით, რეალობა რადიკალურად შეცვლილია და „ლიბერთის“ ასეთ სესხებზე აქვს რეალური საბაზრო განაკვეთი.

„რაც შეეხება ე.წ. საპენსიო სესხს – ეს რეალურად არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრისკიანი პროდუქტია. თუმცა, დღეს ამ სახის სესხებზე, ბაზარზე არსებულ პირობებს შორის, „ლიბერთის“ ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს.

ეფექტური პროცენტი, რომელიც არის ყველა გადასახადის დაჯამების შემდეგ რეალურად გადასახდელი პროცენტი დღეს „ლიბერთიში“ 30.65%-ს არ აღემატება და ის არის ყველაზე დაბალი ამ ტიპის სესხებისთვის“, – აცხადებენ ბანკში.

მათი თქმით, რამდენიმე გზა არსებობს, იმისათვის, რომ შეიცვალოს დღეს არსებული სისტემა როგორც პენსიების დარიგების, ისე უფროსი თაობის მომხმარებლისთვის სესხების გაცემის ნაწილში. „ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა მხარესთან იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს უკეთესი პროდუქტი“, – აცხადებენ ბანკში.