ვიდრე არ დადგება დრო ელემენტარული უფლებების რეალიზებისა, ამ დარბაზში ყოფნას აზრი არ აქვს - ნაკაიძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ, ვიდრე ქვეყანაში ელემენტარული უფლებები არ იქნება რეალიზებული, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ყოფნის აზრს ვერ ხედავს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადაიყვანოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები.

ტარიელ ნაკაიძე თავის გამოსვლაში ტოლერანტობის დღეს გამოეხმაურა.

„დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. წესით, ჩემი გამოსვლა მოლოცვით უნდა იწყებოდეს, თუმცა, როცა ქვეყანაში საფრთხეა, განსხვავებული რწმენის, ორიენტაციის, აზრის მქონე ადამიანს თავს დაესხან ქუჩაში; როცა ქვეყანაში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ პროფესიული მოვალეობის შესრულება; როცა გავეშებული ბრბო თავს ესხმის, კლავს და ამ სისასტიკის ორგანიზატორები კი არ ისჯებიან, წახალისებულები არიან; როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ისარგებლოს, მინიმუმ, სრულყოფილი მკურნალობის უფლებით, აღარ ვსაუბრობ სასამართლო უფლებაზე; როცა სადისტურად ხელიდან გართმევენ თავისუფალი არჩევნების უფლებას და გიყალბებენ შედეგებს; როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მოქცეულია დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის გავლენის ქვეშ და ვერ ან არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას; როცა ქვეყნის მთავარსარდალი თვალს ხუჭავს წინამორბედის სიკვდილზე; როცა ქვეყნის პრემიერი ამბობს,  ადამიანს კანონით აქვს თვითმკვლელობის უფლებაო, ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის დღის მილოცვა რთულია.

დღეს ჩვენ ამ დარბაზში უნდა ვმსჯელობდეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე , თუმცა სამარცხვინოდ ვერ გასცდა ჩვენი დღის წესრიგი ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნებს.

ვიდრე არ დადგება ქვეყანაში დრო ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების რეალიზებისა, ვთვლი, რომ ამ დარბაზში ყოფნას აზრი არ აქვს. იმასაც დავამატებ, რომ აუცილებლად გამოვიყენებ ამ ტრიბუნას. დაბოლოს, მოგიწოდებთ ხელსიუფლებას, დროულად გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში. გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, არ შემოგაკვდეთ ადამიანი.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.