საქართველოს ეკლესიის სინოდის ერთ-ერთი წევრი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საეკლესიო ქადაგებაში, სავარაუდოდ, ბოლო დღებში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მან ქადაგებისას ზოგადად ისაუბრა სიკეთესა და ქრისტიანობაზე. მისი თქმით, ადამიანობა და ქრისტიანობა ყოველდღიურ ურთიერთობაში, გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში უნდა ჩანდეს და არა მხოლოდ რიტუალურ ცხოვრებაში მონაწილეობით.
„დღეს მოვდიოდი ტაძარში და ვფიქრობდი, რაზე უნდა მესაუბრა თქვენთან. ჩვენ საერონი და სასულიერონი, ადამიანები ვართ, ხორცში ვართ, გული გვაქვს, გონება, ემოცია. ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს… და ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, აისახება ჩვენში და იწვევს ძალიან დიდ ტკივილსა და წუხილს.
ყველას გვყავს შვილები, მშობლები, ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ადამიანებს ძალიან განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე. ვიღაც სხვას რომ გულს გაუხარებს, ასიამოვნებს, სიხარულს რომ მიანიჭებს, ამით არის ბედნიერი. ვიღაც კიდევ ბედნიერია იმით, სხვას რომ დაჩაგრავს, სხვას რომ წაშლის, სხვას რომ გაანადგურებს და ამით ხარობს. ეს არ არის ადამიანური.
თუ ვართ ქრისტიანები, ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა ვიყოთ და არა დეკლარირებული მხოლოდ სიტყვით და არა მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით რიტუალურ ცხოვრებაში, არამედ ეს უნდა იყოს ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს გადაწყვეტილებში, ურთიერთიერთობებში. ღმერთმა მოგვანიჭოს გონიერება და სიბრძნე“, – ამბობს მიტროპოლიტი. მიტროპოლიტის ქადაგებიდან ნაწყვეტს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.