ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლებაში რამდენიმე კორპუსში, უფრო ხშირად კი 15 ა კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ხშირად ჩნდება ხანძარი, დღეში რამდენჯერმეც კი. – ამის შესახებ „პუბლიკას“ „დირსის”“ მცხოვრები უყვება.
„დირსის” დასახლებაში, N-15 კორპუსში ბოლოს ხანძარი გუშინ გაჩნდა ცირა შურღულაიას ბინასთან, მე-9 სართულზე.
ის „პუბლიკას” ეუბნება, რომ სახლიდან ცოტა ხნით გავიდა. მალევე დაურეკეს და უთხრეს, შენი სართული იწვისო. ბინაში ბავშვი ჰყავდა დატოვებული.
„კორპუსში უყველანი ვართ სრულიად დაუცველები, ვერ დგინდება დამნაშავე, ხანძრები კი ყოველდღიურად ჩნდება. ცეცხლი ცეცხლს მოსდევს“. – ამბობს ცირა შურღულაია.
მისივე თქმით, ხანძარი დირსის დასახლებაში პირველად ერთი წლის წინ გაჩნდა, 2023 წლის აგვისტოდან კი გახშირდა და თითქმის ყოველთვე ჩნდება. შურღულაიას თქმით, მას შემდეგ ხანძარი მათ კორპუსში 18-ჯერ გაჩნდა.
შურღულაიას თქმით, ამავე დასახლებაში, მეზობელ, მე-14 კორპუსში, დეკემბერში ერთდროულად ხანძარი შვიდ სართულზე გაჩნდა . „20 დღე ხალხს შუქი არ ჰქონდა”. – ამბობს ის.
ცირა შურღულაია ჰვება, რომ მისი თქმით, შარშან ზაფხულში ერთ კვირაში მათ დასახლებაში ხანძარი 5-ჯერ გაჩნდა.
როგორც ამბობს, სახანძრო ყველა შემთხვევაში დროულად მოდის და ცეცხლს აქრობენ, მაგრამ საქმეს არავინ იძიებს.
„პოლიციის ერთადერთი პასუხია „ვიძიებთ”, რაც ჩვენს ყოველდღიურ შიშს არ შველის. სანამ მსხვერპლი არ იქნება და ბინა არ დაიწვება, ხომ უნდა დაიწყოს გამოძიება?”, – ამბობს ის.
„დირსის“ მცხოვრები გვეუბნება, რომ მეზობლების მსგავსად, შეშინებულს, მასაც ბინის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა უნდა. თუმცა, მისივე თქმით, გადამწვარ კორპუსში ბინის ყიდვაც არავის სურს.
„ღამეც ფხიზლად ვართ, არ ვიცით, ხანძარი როდის გაჩნდება. სახლში ბავშვები გვყავს. შეშინებულები ვართ. მდგომარეობა კრიტიკული და გაუსაძლისი გახდა. ვდარაჯობთ და ვერ გამოვიჭირეთ, ვიღაც ამას სპეციალურად, პროფესიონალურად აკეთებს”, – ამბობს ცირა შურღულაია.
მისთვის მეზობლისგან ხანძრის განზრახ გაჩენა მაინც საეჭვოა – „საკუთარ კორპუსს ხომ არ გადაწვავს”.
მისი თქმით, კორპუსში ხანძრების შემდეგ წარწერაც გაჩნდა – „დაიწვით, ბო*ებო“.
ამავე კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები „პუბლიკას“ კონფიდენციალურად ეყვება, რომ კორპუსში კამერები მხოლოდ პირველ სართულზე, შესასვლელშია, ლიფტებში არ მუშაობს, ხანძარი კი,როგორც გვეუბნება, ჩნდება ზედა სართულებზე. იქ, სადაც კამერები არ არის. ასევცე, კორპუსს არ ჰყავს დაცვა.
ამბობს, რომ როდესაც კამერების ჩანაწერების შემოწმება დასჭირდათ, უთხრეს, რომ ის „არ ფუნქციონირებს“. ამოიღო თუ არა პოლიციამ ჩანაწერები, უცნობია.
„დირსის“ მცხოვრებლებს ფეისბუქჯგუფიც აქვთ, სადაც დასახლებაში ხანძართან დაკავშირებულ შემთხვევებზე ბევრს წერენ. ისინი მოითხოვენ დამნაშავის გამოვლენას და დასჯას.
მცხოვრებლები წერენ, რომ ეშინიათ როგორც კორპუსში ყოფნის, ისე ქალაქიდან გასვლისა და ბინის დატოვების.
ამავე ჯგუფში ვნახულობთ არაერთ ფოტოს, ვიდეოს, რომელზეც ხანძარია ასახული. აქ ჩანს, რომ ეზოში ხშირად არის მობილიზებული რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა.
მოქალაქეები წერენ, რომ ითიშება დენი, ინტერნეტი. ზიანდება და იწვება კაბელები. აგვისტოს შემდეგ ჯგუფში ხანძართან დაკავშირებული არაერთი პოსტი იძებნება.
„პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შსს-სთან ცდილობს – არის თუ არა გამოძიება დაწყებული – უწყებაში გვეუბნებიან, რომ საკითხს არკვევენ.