ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, სრული ნონსენსია - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით კვლავ გაიმეორა არაერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ შიმშილობას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რაც სააკაშვილის შიმშილობას არ აქვს, რადგან მან დანაშაულები, კობახიძის თქმით, ხალხის თვალწინ ჩაიდინა.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეფასებისას კი „ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ნონსენსია.

„ის დანაშაულები, რისთვისაც აქვს შეფარდებული მსჯავრი სააკაშვილს, მოხდა საზოგადოების თვალწინ, აქედან გამომდინარე არ აქვს მას ობიექტური მოთხოვნის საბაბიც კი.

და შემდეგ ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსია და კომიკური ჟანრია“, – აცხადებს კობახიძე.

წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა კობახიძე, რომ სააკაშვილი დათანხმდება თავისი კვების რაციონის გასაჯაროებას, მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილს ამის რესურსი არ აქვს, რადგან მისთვის ამის გასაჯაროება საინტერესო არ იქნება.

კობახიძის თქმით, მთელი ციხე იმაზე ლაპარაკობს, რომ სააკაშვილი ჭამს და სვამს. მისივე თქმით, მანაც იცის, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.

„3 ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები, ალბათ, ცუდად“, – ასე გამოეხმაურა კობახიძე წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, რომ გვარამიას თქმით, „თუკი სააკაშვილს ასმევენ ლიმონათს, ეს მავნებელია მისი ჯანმრთელობისთვის“.

„რას უზამ კაცს, უნდა 3 ლიტრი ლიმონათი და სვამს, პატიმრის უფლებაა ესეც“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ზელენსკისადმი მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა გამორიცხულია, რადგან მან სასჯელი უნდა მოიხადოს.

„უკრაინელებიც დაღალა მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოხტომებით“, – განაცხადა კობახიძემ.

„ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება სააკაშვილის შესაძლო სიკვდილს უწყობს ხელს:

„კაცი თავის ნებით შიმშილობს, თან ყოვლად უსაფუძვლოდ, საბაბიც კი არ აქვს ამისთვის და თურმე სხვა კლავს. შეწყვიტოს შიმშილობა და დამთავრდება ყველაფერი, რა დონემდე მიდის ამათი პიარის აბსურდი, თქვენც კარგად ხედავთ“, – განაცხადა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 35-ე დღეა შიმშილობს.

2 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე არ შეწყვეტს პროტესტს.