ვიღაცები რაღაც შანსს ხედავენ ამ ომში, მათ შორის, საქართველოშიც - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის თემაზე საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა და ის იყო „სულ რამდენიმე ქვეყანას“ შორის, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

„ამაზე ხმამაღალი განცხადება, მგონი, არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. დანარჩენი, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულნი ვართ არსებული ვითარებით, არის საკმაოდ მძიმე და რთული ტენდენცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი პოზიციით, „ვიღაცები რაღაც შანსს ხედავენ ამ ომში“.

„ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება.

მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.