თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულმა ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის საქართველოს მტერი და ვინ – მეგობარი.
პრეზიდენტს პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა თავისი გამოსვლით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს და მას „ტყუილი და მავნებლობა“ უწოდა.
გთავაზობთ პრეზიდენტის გამოსვლას სრულად:
„მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ. მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია. იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი ჯარი 1918-1921 წლებში; ემსახურებოდნენ იუნკრები; რომელსაც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა საქართველოს ყველა გუშაგი და რამაც მოგვიყვანა დღემდე.
მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით, ვერ დაიმორჩილეს.
დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას. მტერმა კარგად იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული – ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.
ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათა ღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინაა მტერი და ვინ – მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რომ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს – ტერორიზმთან ბრძოლას.
დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობ და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურასა და კონფრონტაციაში. ესაა დიდი ტყუილი და მავნებლობა.
ჩვენ და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, ვინაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი. ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.
იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა.
ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენ გვერდით, სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს, იყოს თუ არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა.
ჩვენ ყველას გვევალება, მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს.
მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს! გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია! გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ დღეს გწამთ და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.