„ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე" - რიში სუნაკმა პრემიერის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. პროტოკოლის შესაბამისად, რიში სუნაკის მიერ თანამდებობის დატოვების განცხადებას უკვე დაეთანხმნენ ბუკინგემის სასახლეში.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს.

„მე შევისმინე თქვენი ბრაზი, თქვენი იმედგაცრუება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე”, – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი იქნება.

გუშინ დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის „კონსერვატიული პარტია“ დაამარცხა.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მიიღო პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი – არჩეული პრემიერ-მინისტრი იქნება პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი.

არჩევნების შედეგები აღიარა რიში სუნაკმა, რომელმაც კირ სტარმერს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა, ხოლო საჯაროდ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ აღიარებს მარცხს.