„ვიღებთ კრიტიკას“ - მოძრაობა „სირცხვილია“ რურუას მხარდამჭერ სიუჟეტზე

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი რურუას შესახებ სიუჟეტს ეხმაურება. მოძრაობაში აცხადებენ, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელიც იხილა საზოგადოებამ, არის მოულოდნელობა ყველა მონაწილისთვის, რადგან ფორმატი და კონტექსტი მათთვის სხვაგვარად იყო მოწოდებული. მათივე განმარტებით, მომზადებული მასალა მოძრაობის მიერ გიორგი რურუას მხარდაჭერის მოტივებს ადეკვატურად არ გამოხატავს.

„სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს ვიდეოს მონაწილეებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მზადდებოდა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთვის დაბადების დღის მისალოცი სიუჟეტი, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა.

კადრებში, რომლებიც საბოლოო ვიდეოში რატომღაც არ მოხვდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რატომ არ უნდა იჯდეს გიორგი რურუა შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, რატომ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რატომ არის „პოლიტპატიმარი“ ის ტერმინი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს გიორგი რურუას საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობის წევრების განცხადებით, საჭირო იყო მეტი წინდახედულება, რომ არ შეეტანათ წვლილი „ბუნდოვანი კონტექსტის სიუჟეტის მომზადებაში.“ მოძრაობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ იღებენ კრიტიკას და განაგრძობენ ბრძოლას სამართლიანობისთვის.