სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
„თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:
- ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი;
- მერაბ კილაძე – ქირურგი;
- გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
- დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- გიზო გაბესკირია – რეჟისორი;
- გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;
- ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი;
- ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;
- ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი;
- მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი;
- გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი;
- კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი;
- გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი;
- თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი;
- ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი;
- გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;
- ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი;
- ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი;
- გურამ კალანდაძე – გეოლოგი;
- ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი;
- თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი;
- თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ოლესია თავაძე – მხატვარი;
- ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.