ვიმედოვნებ, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას - ჰარცელი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას გამოეხმაურა. ჰარცელი წერს, რომ იმედოვნებს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების მისაღწევად.

„8 მარტის შეთანხმების შემდეგ 142 ხმა დავითვალე, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას უჭერდა მხარს. მივესალმები პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით კანონპროექტის 136 ხმით დამტკიცებას. ვიმედოვნებ, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას“, – წერს კარლ ჰარცელი Twitter-ზე.

საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.