ვიმედოვნებთ, NATO-ს 14 ივნისის სამიტი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის - პრეზიდენტი

პუბლიკა

„საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა რეგიონისა და საქართველოს სტაბილურობის მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს.

„საკუთარი მიდგომა და გეგმა ასევე სჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის გზას. საქართველომ ნატო-ს მხარდაჭერით თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები წარმატებით გაიარა. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის. ჩვენ, ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა, მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა, აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, მივმართოთ ერთიანობისკენ და, მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის გამყარებისკენ.

ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა: პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა.

„ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ – თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ანუ ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება! დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ.

ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება – აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.