ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება - ილია II კანდიდატის სტატუსზე

პუბლიკა

„კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი“,- ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის განცხადებაში, რომლითაც ის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეხმაურება.

„დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.