ვიმსჯელებთ, არაფერს გამოვრიცხავ - ოხანაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ საგამოძიებო კომისია გახდება ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამჭვირვალობისთვის, მაშინ შესაძლოა, ის თავად საპარლამენტო უმრავლესობამ შექმნას.

„ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები და შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, ამ ნაბიჯზე დიდი ალბათობით  ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას; არაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. მათი განცხადებით, სხდომაზე კენჭი უნდა ეყაროს სასამართლო სისტემაში კლანის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.