„ვიმსჯელებთ“ – დააყენებს თუ არა ენმ დიდუბის ოლქში თავის კანდიდატს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „გირჩის“ ლიდერისა და დიდუბეში ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

სამადაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეურაცხყო, როდესაც ეკა მიშველაძის „საჯარო პოლიტიკაში“ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს, რას ფიქრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი.

სალომე სამადაშვილმა დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განმარტა, რომ, რადგანაც ჯაფარიძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია, მას ანგარიშვალდებულება აქვს ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტიის მხარდამჭერების წინაშე.

„ზურაბ ჯაფარიძეს, რაც უნდა, შეუძლია, ის ილაპარაკოს, უნდა გოჭით ისეირნოს ვაკის პარკში, უნდა გაურკვეველი დომინაციის ეკლესიები შექმნას, რომ თავი აარიდოს ხალხმა სამხედრო სამსახურს – ეს ყველაფერი არის მისი უფლება. მე შემიძლია, ჩვენი აზრი გითხრათ – ჩვენ გვინდა, ამ არჩევნებზე ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ იმისგან, რომ ივანიშვილმა ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ არ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ჩვენ არ დაგვიჭერია ზურა ჯაფარიძისთვის ერთიან კანდიდატად მხარი იმისთვის, რომ ის მეტად მოგვწონს, ვიდრე ვინმე სხვა. ჩვენ ერთიანობის იდეას დავუჭირეთ მხარი იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, მით უმეტეს, ისეთი ოდიოზური, როგორიც არის გია ვოლსკი“, – განაცხადა სამადაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ მრავალი სხვადასხვა შეხედულების ამომრჩევლის გასაერთიანებლად პოლიტიკოსს დიპლომატია სჭირდება, რასაც ჯაფარიძე ვერ ახერხებს.

ტრაპაიძის შეკითხვაზე, გადახედავს თუ არა სტრატეგიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით, სამადაშვილი ამბობს:

„არ ვარ ამისთვის მზად, რომ დღეს მსგავსი რამ განვაცხადო. შემიძლია, უბრალოდ, ერთი რამ ვთქვა, რაც უკვე ვთქვი: ძალიან სამწუხაროა, რომ ერთობლივ კანდიდატებს შორის ვინც არის დღეს, ბატონი ჯაფარიძე, საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიით, ფაქტობრივად, ეს არის საკუთარ ფეხში გასროლა, რასაც ის აკეთებს, რითაც აზიანებს ის საერთო ოპოზიციურ ინტერესს და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი – ბიძინა ივანიშვილის კანდიდატის, გია ვოლსკის დამარცხება“, – აცხადებს სამადაშვილი.

„თუ ის დაჭრილია ფეხში და ვერ მოიკრებს ამომრჩევლის დიდ ნაწილს, თუ ვოლსკის დამარცხება გინდათ ამ ოლქში, მაშინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია?“ – ჰკითხა სამადაშვილს ტრაპაიძემ, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე იმსჯელებენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა.

„ვიმსჯელებთ ჩვენ ამაზე. ამიტომ, ძალიან დიდი განსხვავება არის ჩვენსა და ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს შორის… მისია ამ არჩევნებზე არის – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს არ იმის ფუფუნება, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და ბატონი ჯაფარიძისგან განსხვავებით, არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ თუ რამე შეცდომა მოგვივიდა, ამ შეცდომას არ გადავხედოთ და შესაბამისად, არ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინაიდან ეს იყო რამდენიმე დღის წინ, თქვენი რეაქცია ოდნავ დაგვიანებულია, ხომ არ მოძებნეთ ამ ეთერით თქვენ საბაბი იმისთვის, რომ დიდუბეში თავისი კანდიდატი ჰყავდეს „ნაციონალურ მოძრაობას?“, – ჰკითხა სამადაშვილს ჟურნალისტმა.

„არა, ჩვენი რეაქცია შედგა მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახეთ ძალიან უარყოფითი რეაქცია ჩვენს ამომრჩევლებში და მხარდამჭერებში. ენმ-ს ლიდერებს მოგვიწია საკმაოდ მძიმე შეფასებების მოსმენა მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს იმავე გადაცემაში „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა. მან თქვა, რომ ვერ ხვდება, რისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი, რადგან მას აზრი არ შეუცვლია და მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. მისივე თქმით, მის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტირება მიეცა.

„მე არ მითქვამს არასდროს, მათ შორის, არც იმ ეთერში, რომ არ მაინტერესებს რომელიმე პარტიის ხმები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“. მე ვთქვი, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიის ხმები. სალომე სამადაშვილმა მითხრა, რომ ეს იყო უცნაური განცხადება, ანუ მისთვის უცნაურია, რომ პოლიტიკოსი უფრო მაღლა შეიძლება აყენებდეს სიმართლეს, ვიდრე ხმებს. არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ მე ეგ ვთქვი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდუბეში კანდიდატურა დააყენოს.

„ის, რომ ორი დღის დაგვიანებით ჩაატარა პარტიამ ბრიფინგი და გააკეთეს ეს განცხადება, შეიძლება ამაზე მიანიშნებდეს. უბრალოდ, თუ ეს ასე მოხდება, იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რაც მე ავხსენი სწორედ იმ ეთერში, რაზეც [სამადაშვილი] ამბობს, რომ ეს არის ტყული. დადასტურება იქნება იმისა, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვება კი არ უნდა, უნდა ოპოზიციის შიგნით რაც შეიძლება მეტი ადგილის წაღება, ჩემი აზრით, უსამართლოდ და არასწორად, მაგისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც ვერ მოხერხდა საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება და პროპორციულად განაწილება ამ ოლქების“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


ზურაბ ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი ეკა მიშველაძის „საჯარო პოლიტიკაში“ 23 სექტემბერს იყვნენ მიწვეულები.

გადაცემაში ზურაბ ჯაფარიძე საუბრობდა, რომ არჩევანი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არ არის და ამომრჩევლის დაკვეთა კონკრეტულად ივანიშვილის კი არა, ერთპარტიული მმართველობის დამარცხებაა.

ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის სააკაშვილს თავს არ ესხმის, თავად სააკაშვილმა მიაყენა შეურაცხყოფა სხვა პარტიებს, რომლებსაც „პარტიუკები“ უწოდა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას ორი ფრონტი აქვს: „ერთი მხრივ ივანიშვილი დასამარცხებელია, მეორე მხრივ არის მაღალრეიტინგული ადამიანი, რომელიც გასაკავებელია. ეს არის სიმართლე და მე არ ვაპირებ ამ სიმართლის დამალვას, ყველგან ვილაპარაკებ ამას.

„ნულამდე დაგყავთ შანსი, რომ მოიგოთ ის მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც კანდიდატი ხართ“, – უთხრა მას სამადაშვილმა,

რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა: „ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ხმები“.