ვიმყოფები არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში მისი მორიგი განცხადება ვრცელდება.

„დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით.

ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში. სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს! დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა“, – წერს სააკაშვილი.

სოციალუ ქსელში სააკაშვილმა მეორე განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც უკრაინელი ჟურნალისტების საზღვრიდან გაბრუნებას გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში 1 ოქტომბრიდან მოყოლებული შიმშილობს.

გუშინ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და მას შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა.

„პუბლიკა“ პენიტენციური სამსახურისგან ელოდება განმარტების მიღებას.