ვინ აძლევს „გირჩს“ იმის საბუთს, რომ ადამიანები ჯარიდან გაათავისუფლონ? - თაკო ჩარკვიანი

პუბლიკა

„ბატონო იაგო, თქვენ რომ ჯარიდან ადამიანებს ათავისუფლებთ, ეს ზეპირსიტყვიერებით არის, თუ რამე ცნობას გაძლევთ სახელმწიფო? მიპასუხეთ, თუ შეიძლება“, – ამ შეკითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „გირჩის“ თავმჯდომარეს.

„მთავარი არხის“ ეთერში თაკო ჩარკვიანი „გირჩისა“ და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური კონსულტაციების თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ირაკლი კობახიძის დავალებით მოქმედებენ, იმისთვის, რომ ოპოზიცია დაშალონ.

თაკო ჩარკვიანის ამ შეკითხვაზე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ ესმის, რა შუაშია თემასთან ეს შეკითხვა.

„ახლა რომ მკითხოს ქალბატონმა თაკომ, რამდენი ვარ სიმაღლით, პასუხი უნდა გავცე? ეს რა შუაშია ჩვენს თემასთან? მე კი არ მაქვს დასამალი, როგორც გეტყვით, რამდენი მაქვს სიმაღლე, ისე შემიძლია ამ კითხვაზეც პასუხი, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო. 40 000 კაცზე გვაქვს გაცემული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამის შემდეგ თაკო ჩარკვიანი დაინტერესდა, ვინ აძლევს „გირჩს“ იმის საბუთს, რომ ადამიანები ჯარიდან გაათავისუფლონ.

„საბუთს ლევან ჯგერენაია გასცემს, არის ჩვენი მთავარი მღვდელმსახური და გასცემს თავისი ხელმოწერით, როგორც კანონშია მოცემული; გვიდასტურებს დედა რუსა, რომელიც მუშაობს ბიბლიურ თავისუფლებაში“, – უპასუხა ხვიჩიამ.

„თქვენ ახლა ვერ დააბნევთ „კანონისა და სამართლის“ წარმომადგენელს. მე სამართლებრივად გეკითხებით, რომ სახელმწიფოში დედა რუსკა არის თუ მამა თემური, თუ იაგო ხვიჩია, იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხვალ გახდეთ თავად მამა იაგო, თქვენ საბუთი უნდა მოგცეთ კანონითა და სამართლით…

იაგო, მიპასუხეთ, თუ შეიძლება, კანონით და სამართლით ვინ გაძლევთ სამართლებრივად საქართველოს კანონმდებლობით საბუთს, რომ თქვენ გაათავისუფლოთ ადამიანები ჯარიდან და მე გავცემ საზოგადოებას პასუხს, რომ ის საბუთი შეუძლებელია გაიცეს სუს-ის მონაწილეობის გარეშე, ჩემო ძვირფასო. ამიტომ თქვენი  ვალდებულება არის დღეს, რომ ოპოზიციაში კობახიძის დავალებით პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ეს არის გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ შესვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენს  შესვლას და გამოსვლას ვერავინ გაიგებდა. თქვენ მართლაც არ გაქვთ ახლა ღიმილისმომგვრელად საქმე, იმიტომ, რომ მე, როგორც კანონისა და სამართლის წარმომადგენელი, ბოლომდე მივყვები  ამ საქმეს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მას წამყვანმა ჰკითხა, რა მტკიცებულება აქვს ამის დასადასტურებლად.

„ეს არ არის ბრალდება, ეს არის კითხვა, არავითარი [მტკიცებულება], კითხვაა. ეს ინფორმაცია მე მქონდა, რომ კობახიძის დავალება იყო, მაგრამ არ ვიცოდით, ამას რომ „გირჩი“ შეასრულებდა, ოპოზიციაში შეექმნათ არეულობა, ეს იყო ელისაშვილი, მაგრამ ელისაშვილმა უნებლიეთ, სიმპათიურად მიიხმარა ამაში „გირჩი“ და ეს არის კობახიძის გზა, ვაშაძე დაეშანტაჟებინა…“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შესულიყო. მისი თქმით, სწორედ ამ ინიციატივის გამო აღმოჩნდა „დასარტყმელი მიზანი“ ვაშაძის პარტია.

წამყვანმა ჩარკვიანს დააზუსტებინა, მიუთითებდა თუ არა იმაზე, რომ „გირჩი“ და ელისაშვილი მოქმედებენ კობახიძისა და სუს-ის დავალებით.

„რა თქმა უნდა. ამ დროს აშშ-ში მოხდა დიდი ცვლილება და ეს ასხამს ხალხის წისქვილზე წყალს. ვაშაძე იმყოფებოდა აშშ-ში და დასასვენებლად რომ არ იმყოფებოდა, ალბათ, ყველა, პოლიტიკასთან ვისაც ახლოს გაუვლია, ხვდება. ეს ინფორმაცია არ გამოპარვია რუსულ უშიშროებას.

მე არ მინდა ვთქვა, რომ პატივცემული იაგო ამას განზრახ აკეთებს, მაგრამ ის უნებლიეთ გახდა იარაღი კობახიძის ხელში. მე მას ვურჩევდი, ჯერ დასანგრევად აღმოჩნდა თავისი საკუთარი „გირჩისა“, მოახერხა და შუაზე გაჭრა. ახლა დააპირა „სტრატეგია აღმაშენებლის“ , მაგრამ დაავიწყდათ, რომ ის ძალიან მონოლითურია და იქ მეც ვიმყოფები, თამარ ჩარკვიანი, რომელიც არ გამოვირჩევი მყიფე  ხასიათით…

იაგო ხვიჩია და კობახიძის გასართობად შემოყვანილი პოლიტიკანები ნამდვილად ვერ ააყირავებენ ძლივს შეკოწიწებულ მონოლითურ ოპოზიციას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა.

„არანაირ საბუთს რომელიმე სახელმწიფო სტეუქტურისგან ბიბლიური თავისუფლება არ იღებს. ერთხელ გაიარა რეგისტრაცია და მანდ დამთავრდა „საბუთის აღება“

– ბიბლიური თავისუფლება წლების განმავლობაში იყო საპატრიარქოსა და ხელისუფლების ერთობლივი თავდასხმების ობიექტი. მარტო სესიაშვილს და ღარიბაშვილს აქვთ რამდენიმე ასეთი შეტევა განხორციელებული, თუმცა უშედეგოდ.

– ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ის წევრობა“, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.